წყალტუბოში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებს დავით ბაქრაძის პლაკატები გადააკრეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატს "ევროპული საქართველოს" კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატი გადააკრეს. ინფორმაციას, ვიდეო მასალასთან ერთად, სოციალურ ქსელში "ძალა ერთობაშია"-ს წევრი მამუკა საღარეიშვილი ავრცელებს.

როგორც საღარეიშვილი ამბობს, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა პლაკატები გუშინწინ მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებს გადააკრეს და ისინი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ მოქმედებენ.

"ჩვენს პლაკატებზე და არა ზურაბიშვილის პლაკატებზე ზემოდან თავიანთ პლაკატებს აკრავენ, ყველანაირად ჩვენს დასუსტებას ცდილობენ და ამ დროს ხელს აწერენ შეთანხმებას ერთმანეთის წინააღმდეგ არ ვიმოქმედოთო. მარტო ტელევიზიით არ თავდასხმა ბევრს არაფერს ნიშნავს, იმის იქეთ რაც ხდება, იმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს,"-ამბობს მამუკა საღარეიშვილი.

საღარეიშვილის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" წევრები კოორდინატორებისა და კომისიის წევრების გადაბირებას ცდილობენ. როგორც "ძალა ერთობაშია"-ს წევრი აცხადებს, მათ პარტიის წევრებთან აღნიშნულ ქმედებაზე საუბარი ჰქონდათ, თუმცა, უშედეგოდ.


| Print |