“გამოცდილება ვაქციოთ გაკვეთილად”- “შენების მოძრაობის” ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალუდა გოგლიჩიძემ,

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გასული წელი შეაჯამა. როგორც ალუდა გოგლიჩიძე აცხადებს, გასული პერიოდის განმავლობაში ქალაქისათვის ბევრი პრობლემური საკითხის გადაჭრა შეიძლებოდა, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. მერობის ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ ქუთაისში მდგომარეობა გაუარესდა და მოსახლეობა ქალაქს ტოვებს.

ალუდა გოგლიჩიძის თქმით, “შენების მოძრაობის” საარჩევნო პროგრამაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომლებიც არსებულ მდგომარეობას გამოასწორებდა, მათ შორისაა ქუთაისის გენერალური გეგმის შექმნა.

“ყველა მიმართულებით ბევრად უფრო ცუდი სიტუაციაა, ვიდრე არჩევნებამდე იყო. ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაცია ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციაა, რომელიც ვერა და ვერ დასრულდა. ასევე, ზოგადად ქალაქს არ აქვს გენერალური განვითარების გეგმა, მასზე საუბარიც არ ყოფილა. უბრალოდ, არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება,”-აცხადებს გოგლიჩიძე.

ალუდა გოგლიჩიძის განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი კადრების დანიშვნის გარდა, სხვა ვერაფერი მოახერხა.

“წინა მერის კადრები ახალი მერის კადრებით შეიცვალა. სახეზეა გაბერილი შტატებიც. “ქართულმა ოცნებამ” ამ ქალაქში პოტენციალი ვერ აჩვენა,”-ამბობს გოგლიჩიძე.

მერობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ არსებული ვითარებიდან ამომრჩეველმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს. მისივე განმარტებით, ქუთაისს მეტი პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, ამომრჩევლები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *