“თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საარჩევნო

შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. პარტიის წევრებმა ადგილზე დაფა და მერხი მიიტანეს და სიმბოლურად ლენტიც გაჭრეს. 

გოგი წულაიამ საზოგადოებას უნივერსიტეტის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულება იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ მისი ხილვა შეუძლებელია. 

“მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ბიძინა ივანიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გახსნა. გილოცავთ ქუთაისლებო, დღევანდელი დღიდან ქალაქი გადარჩა. შეიძლება თქვათ, რომ ვერ ხედავთ კორპუსებს, მაგრამ იქ ბავშვები ჟრიამულობენ. ბაყაყის ყიყინის ხმა კი არ ისმის, ბავშვები არიან,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას თქმით, უნივერსიტეტს წელს სტუდენტები უნდა მიეღო, თუმცა, ადგილზე ნათლად ჩანს, რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს. 

“40 ათასი სტუდენტის რა გითხრათ, მაგრამ 40 ათასი ბაყაყი ნამდვილად არის ამ ჭაობში,”-განაცხადა კახა კუკავამ.

60 000 სტუდენტზე გათვლილი, მსოფლიოში მასშტაბით მე-5 საუნივერსიტეტო ქალაქი, 140 ჰექტარზე, ქუთაისთან ახლოს უნდა აშენდეს. პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა. ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა პარტია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

2017 წლიდან დღემდე, ხელისუფლებისა და “ქართუ” ჯგუფის წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიურ სასწავლებელში მშენებლობის დასრულებისა და სწავლის დაწყების თარიღად 2019 წელის სექტემბერს ასახელებდნენ, თუმცა, თარიღმა 2020 წლამდე გადაიწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *