“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 1 აგვისტოდან

15 ოქტომბრის ჩათვლით საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხი შეისწავლა. კვლევაში დეტალურადაა აღწერილი, რომელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რა შემოსავლის მიღება შეძლეს და ასევე რა თანხა დახარჯეს საარჩევნო კამპანიაში. 

კვლევის მიხედვით, ექვსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მთლიანობაში 4 226 120 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, საიდანაც 99% ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხაა.

“შემოწირულებების უდიდესი ნაწილი 3 105 011 ლარი (73%) სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე 583 820 ლარით, დავით ბაქრაძე – 516 404 ლარით, დავით უსუფაშვილი – 13 290 ლარით, კახა კუკავა – 6 596 ლარით და შალვა ნათელაშვილი – 1 000 ლარით. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები დაახლოებით ხუთჯერ აღემატება გრიგოლ ვაშაძის და ორნახევარჯერ – ხუთივე ოპოზიციური კანდიდატის ერთად აღებულ შემოწირულებებს;

სალომე ზურაბიშვილს 148 ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა, რომელთაგან 92 ადამიანი 356 სხვადასხვა იურიდიულ პირთან არის დაკავშირებული (მეწილე ან დირექტორი). ამ 356 იურიდიული პირიდან სულ 18 კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2018 წელს[1] მინიმუმ ერთი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მაინც მიიღეს. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 243 875 ლარი იყო, ხოლო ამ 18 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ზურაბიშვილს ჯამში 815 008 შესწირეს. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით რაიმე პრობლემური ტენდენცია არ იკვეთება.”- წერია კვლევაში.

დოკუმენტში მოხვდა  ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების 15-მდე ექიმის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობები.

“ამ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს ამ საქმის შესწავლა; სალომე ზურაბიშვილის 148 შემომწირველიდან 46 პირია ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 41 ფიზიკური პირი “ქართული ოცნების” ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 836 000 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 28%-ია. გასულ წლებში იგივე პირებს “ქართული ოცნებისთვის” ჯამში დაახლოებით 1 950 000 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის რვა შემომწირველს 2012 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” აქვს თანხები გაღებული ჯამში 425 000 ლარის ოდენობით.”- წერია კვლევაში. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარტიები დიდწილად დამოკიდებული არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე და გამონაკლისს მმართველი გუნდი და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეადგენს, რომლებიც შემოწირულებებს იღებენ, თუმცა ძირითადად მაინც მსხვილ შემომწირველებზე არიან დამოკიდებული, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით საზოგადოებაში ბევრი კითხვას აჩენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *