პოლიტიკა
ზესტაფონის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა
ზესტაფონის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მისი ადგილი ელგუჯა კვეტენაძემ დაიკავა. როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, ბესიკ ლეონიძე სამსახურიდან საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. 

"ზესტაფონში მიმდინარე აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს მერის მოადგილის წასვლასთან, ეს იყო მიზნობრივად გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი აქციები. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გათავისუფლების ბრძანება ბესიკ ლეონიძის პირადი განცხადების საფუძველზე გავაკეთე,"-განაცხადა ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ეკა დუგლაძემ.

მერის ახალი მოადგილე მუშაობას დღეს შეუდგა.

რაც შეეხება ქალაქის მერს კახაბერ მახათაძეს, ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და მსგავსი სახის ინფორმაცია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მერის შესახებ ვრცელდება. მერიაში უარყოფენ იმ ფაქტსაც, რომ კახაბერ მახათაძესა და ზესტაფონში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება მოხდა, რის მიხედვითაც მერი თანამდებობას ერთი თვის ვადაში დატოვებდა. მათივე განმარტებით, მერს აქციის მონაწილეებთან პირადი შეხვედრები არ ჰქონია.




| Print |