ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიისა და ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლების საქმის განხილვა მეცამეტედ გადაიდო.

საქმე ეხება მე-17 და მე-19 ბინების მცხოვრებლების მოთხოვნას, რომლებიც ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ შპს “ფლამინგოს” მეპატრონეს მათ საცხოვრებელთან არსებული სკვერი უკანონოდ გადაეცა. მათივე განცხადებით, შესაძლოა, სკვერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.

სასამართლო სხდომას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და გამარჯვების ოლქის ყოფილი მაჟორიტარი ნატო ქათამაძეც ესწრებოდა, რომელიც შპს “ფლამინგოს” იურისტმა ზვიად ნიშნიანიძემ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. სხდომას საკრებულოს იურისტიც ესწრებოდა, თუმცა, მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულა.

“შპს “ფლამინგოს” წარმომადგენელს ჩემი გამოჩენა დიდად არ ესიამოვნა და მან ეს პოლიტიკას დაუკავშირა. თითქმის ერთი წელია, აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვარ, თუმცა, დღეს მოსახლეობის მოთხოვნით მოვედი. ყველანაირად ცდილობენ, რომ პროცესი გადაიდოს. წელიწადზე მეტია პროცესი მიმდინარეობს და მერიის იურისტი არც ერთ სხდომას არ დასწრებია. არ მოდის იმიტომ, რომ ეს არის არაპოპულარული თემა და მოსახლეობის ხმებს დაკარგავენ? ეს არასწორი მიდგომაა,”-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ზვიად ნიშნიანიძემ პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შემდეგ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ის სხდომაზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 19 დეკემბრისათვის გადაიდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *