პოლიტიკა
რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება და ორი წელი გაგრძელდება
ქუთაისში, რიონისპირა სახლები მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა. როგორც შენგელიამ განმარტა, ერთი წელი საპროექტო სამუშაოებს დაეთმობა, ხოლო 2020 წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და ორი წელი გაგრძელდება.

"მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს საპროექტო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი. ეს არის წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე ურბანული ტერიტორიის განახლება. აღდგება სახლები, მოწესრიგდება კალაპოტი, მიეწყობა სანიაღვრეები, განათება. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი სიცოცხლე ქალაქისათვის. ქუთაისი ერთ-ერთი პირველი მასპინძელია ვიზიტორების. ის ადგილი, სადაც პირველი შეხვედრა ხდება ტურისტული ნაკადების, აუცილებელია, მიწესრიგებული იყოს,"-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შენგელიას განმარტებით, მზადდება ადგილობრივების განსახლების გეგმაც, თუ მშენებლობას მათზე ზეგავლენა ექნება მოქალაქეებს ალტერნატიული ადგილი მოეძებნებათ ან გადაუხდიან კომპენსაციას.

რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად, რიონისპირა სახლები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ დაათვალიერეს. მათ დაგეგმილ რეაბილიტაციას საუკუნის პროექტი უწოდეს.

| Print |