ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის თარიღმა 2020 წლის შემოდგომისთვის გადაიწია.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის დაფინანსებით აშენებულ უნივერსიტეტს სტუდენტები 2019 წლის შემოდგომაზე უნდა მიეღო. ქართუ ფონდის პროექტების ხელმძღვანელის ვახტანგ ცაგარელის თქმით, დღეისთვის ადგილზე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება კი 500 მლნ ევრო უნდა იყოს.

პროექტის მიხედვით, ახალი უნივერსიტეტი 140 ჰექტარის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მასში 60,000 სტუდენტი მიიღებს განათლებას. შედარებისთვის, სტუდენტთა ეს მოცულობა თსუ-ზე თითქმის სამჯერ მეტია. მთავრობამ 2018 წლის 13 ნოემბერს გამოცემული დადგენილებით, ააიპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს” 49 წლიანი ვადით გადასცა ქალაქ ქუთაისში რიონჰესის მიმდებარედ 82 ჰექტარის მიწის ნაკვეთი.

ამჟამად ტერიტორიაზე მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ქართუ ფონდი მშენებლობის დაწყებას 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს, ეს თარიღიც ერთხელ უკვე გადავადდა. უნივერსიტეტის პროექტის საზეიმო პრეზენტაცია 2016 წლის 12 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, ის გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თემურ მურღულიას თქმით, პირველ წელს უნივერსიტეტის მიღება დაახლოებით 2-3 ათასი იქნება. ხოლო 60,000 სტუდენტამდე ასვლა ეტაპობრივად, წლების განმავლობაში მოხდება.

“60,000 პირველ წელს არცერთ უნივერსიტეტს არ ყოლია და არც ეყოლება. 60,000 არის ამ უნივერსიტეტის იდეის ავტორისა და სპონსორების სურვილი და მზაობა. ისინი მოწოდებული არიან რომ ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის განვითარებას. გეგმა და მიზანი არის რომ გაიზარდოს სტუდენტთა რაოდენობა 60,000-მდე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს კამპუსში ერთდროულად ამდენი სტუდენტი იყოს.

მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაახლოებით 10 წელი დასჭირდა რომ 3 ათასიდან 45 ათასამდე მიეღწია. მითუმეტეს ეს უნივერსიტეტი არ არის გათვლილი მხოლოდ ქართველ სტუდენტებზე. ეს იქნება რეგიონალური უნივერსიტეტი. მგონია რომ ჩვენ, დაახლოებით იგივე პერიოდში, დაახლოებით ისეთივე წარმატების მიღწევას შევძლებთ.”

თემურ მურღულიას თქმით, ძირითადი აკადემიური ბირთვის დაკომპლექტება 2019 წელს არის დაგეგმილი. “ჩვენ 2019 წელს ავიყვანთ დაახლოებით 50 პირს, ეს იქნება ძირითადი საორგანიზაციო და აკადემიური პერსონალი. დანარჩენი მოხდება უკვე 2020 წელს. 2020 წელს 100 თანამშრომელზე გაცილებით მეტი ადამიანის აყვანა მოხდება,”- ამბობს მურღულია.

რექტორის მოვალეობის შემსრულების თქმით, გარკვეულ კონცენტრაციებზე ქართულთან ერთად უცხოური დიპლომის გაცემაც მოხდება. უნივერსიტეტის მთავარი საერთაშორისო პარტნიორი მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. ქართუ ფონდის ინფორმაციით, ისინი ყველაზე მჭიდროდ სწორედ ამ სასწავლებელთან თანამშრომლობენ.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტის ნაწილია, რომელიც თბილისის ტექნოლოგიურ ე.წ. ადრონული თერაპიის ცენტრს და საუნივერსიტეტო ქალაქს აერთიანებს. ქართუ ფონდის ინფორმაციით 500 მილიონი ევროს ღირებულების ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტზე დღეისთვის დაახლოებით 6 მილიონი ლარი არის დახარჯული.

წყარო: bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *