გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ევროპული საქართველო” სამტრედიაში 150-მდე წევრმა დატოვა,

პარტიაში უარყოფენ. პარტიის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე განმარტავს, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებში პარტია ჯამში 4-მა ადამიანმა დატოვა. ბობოხიძე აცხადებს, რომ თერჯოლასა და ვანში პარტია არც ერთ წევრს არ დაუტოვებია, ხოლო ტყიბულის ორგანიზაციიდან ერთი და სამტრედიიდან სამი წევრი წავიდა. როგორც პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, პარტიის მასიურ დატოვებას ადგილი არ ჰქონია და მომხდარი მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ მოწყობილი ბლეფი იყო.

“ეს არის “ქართული ოცნების” მორიგი ბლეფი და განსაზღვრულია მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შექმნას წინასწარი სურათი მათი მხარდამჭერების მატების შესახებ. “ქართული ოცნება” ემზადება გაყალბებისათვის. ეს იყო ინსცენირება. ვანში ნათქვამი 10 კაციდან, არც ერთი არ იყო “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერიც კი. სამტრედიაში გამოცხადებული 150 კაციდან, სამწუხაროდ, მხოლოდ სამი კაცი იყო პარტიის მხარდამჭერი. კახი კალაძეს ეცოტავა 10 კაცი და ამიტომ სამტრედიაში 150 კაცი დააყენეს,”-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

“ევროპული საქართველოს” სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთო სტურუა აცხადებს, რომ ის 150 კაციდან არც ერთს არ იცნობს. მისივე განმარტებით, ზურაბ ფანცულაია, რომელმაც ტელევიზიებს პარტიის ყოფილი წევრის სახელით ინტერვიუ მისცა, “ქართული ოცნების” აქტივისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრები “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *