პოლიტიკა
თეთრ ხიდზე დეკორატიული ქვების შეტანის გამო, შესაძლოა, კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდეს
თეთრ ხიდზე ქვების შეტანის გამო, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ალმა რუს საქართველო" შესაძლოა, 2 000 ლარით დაჯარიმდეს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, საქმეს სასამართლო განიხილავს.

"შემოვიდა შეტყობინება, რომ გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან ქვის მაგვარი დეკორატიული საგნები იყო განთავსებული. მოვახდინეთ რეაგირება და ვეცადეთ დავკავშირებოდით იმ ორგანიზაციას, რომელსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული ქვები უნდა ჰქონოდა მოტანილი. ვერ მოხდა მათთან დაკავშირება, შესაბამისად, ჩვენ მიერ მოხდა საჯარიმო სანქციების გამოყენება გზის შეზღუდვასთან დაკავშირებით,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ და განმარტა, რომ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ხიდზე ქვების მიტანის ვალდებულება არ ჰქონდა.

კომპანიამ ხიდზე დეკორატიული თეთრი ქვები გუშინ შეიტანა. ქუთაისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დეკორატიული ქვები "სპეციალური სერვისების" ტერიტორიაზე, საწყობში გადაიტანეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, ქვები მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. მისივე განცხადებით, დეკორატიული თეთრი ქვები "ალმა რუს საქართველოს" საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაუბრუნდება.
| Print |