სოციალური საცხოვრისის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.

როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განაცხადა, ქუთაისის მერია შპს ” სანოს” არა მხოლოდ 528 000 ლარს, არამედ მილიონ ლარზე მეტს ედავება. 

“აღნიშნულ თანხებზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. ჯერ არ ვიცით, აუნაზღაურდება თუ არა კომპანიას 528 000 ლარი. იძულებული ვიყავით, თანხა ბიუჯეტში აგვესახა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხის ანაზღაურება აუცილებლად მოხდება. სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვექნება, ვალდებული ვართ 528 000 ლარი იყოს ასახული ბიუჯეტში,”-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც გიგა შუშანია აცხადებს, ქუთაისის მერია შპს “სანოსათვის”, რომელმაც სოციალური საცხოვრისი ააშენა, 528 000 ლარის გადახდას აპირებდა და თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო. მისივე განმარტებით, მოგვიანებით, მერიამ თანხის გადახდა გადაიფიქრა, თუმცა, 2019 წლის ბიუჯეტში შპს-სათვის 528 000 ლარი კვლავ გაითვალისწინა. როგორც შუშანია განმარტავს, აღნიშნული კითხვის ნიშნებს აჩენს.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში 2017 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობისათვის ქუთაისის მერიამ შპს “სანოსთან” 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მერიამ კომპანიას 3 844 000 ლარი უკვე გადაურიცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *