პოლიტიკა
"დაველოდოთ გამოძიებას და გავიგოთ რეალურად რამ გამოიწვია დაზიანება"

ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ზედაპირის მინის ნაწილი დაიბზარა.

ადგილზე მივიდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომლის განცხადებითაც, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

,,შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჩავრთეთ პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია თუ რა მოხდა, სპეციალურად არის ჩატეხილი თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას და გავიგოთ რეალურად რამ გამოიწვია დაზიანება. ჩვენ ვესაუბრეთ შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს, მანაც იგივე აღნიშნა, რომ თუ სპეციალურად არ დაზიანდა, ისე დაზიანება გამორიცხულია. თუ გამოვლინდა, რომ არ არის დაზიანებული სპეციალურად, მაშინ ხიდის შემსრულებელთან, რომელთანაც შეწყვეტილი გვაქვს ხელშეკრულება, სასამართლოში არსებულ დავას კიდევ დაემატება ერთი პრობლემური ნაწილი. ხიდზე მხოლოდ დამცავი ფენაა დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით ხიდის ნაწილი გადავკეტეთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

დაზიანებული ტერიტორია ამჟამად შემოსაზღვრულია.


ფოტო:ია ფესტვენიძე

| Print |