რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” საჯარო სამსახურის

რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი და შეფასება წარადგინა. ორგანიზაციამ კვლევა ნეოფილების კლუბთან პარტნიორობით 8 თვის განმავლობაში, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31-აგვისტომდე ჩაატარა. დაკვირვება იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტზე ქუთაისზე, წყალტუბოზე, ხონსა და სამტრედიაზე განხორციელდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი შეისწავლეს, რომელთა შორისაა საჯარო სამსახურში მიღება, რეორგანიზაცია და მობილობა, სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა.

“მუნიციპალიტეტებში მერების მოსვლის შედეგად დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც სამსახურიდან გათავისუფლდა 91 საჯარო მოხელე. გარდა ამისა, ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებმა თანამდებობა პირადი განცხადების ფონზე დატოვეს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური პროცესებისაგან არ არის თავისუფალი პროფესიული საჯარო სამსახური. გარდა ამისა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო პირების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გარეშე მაშინ, როცა კანონმდებლობა ითვალისწინებს რომ ჩატარდეს კონკურსი. მაღალია პირადი განცხადებების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელი. შემდგომ ხშირად იწყება სასამართლო დავები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხშირად უწევთ კომპენსაციის გადახდა. ამ კუთხით ქუთაისის მერიამ 30 000 ლარზე მეტი გადაუხადა მოხელეებს. ხოლო რეორგანიზაციის ფონზე გათავისუფლებულ მოხელეებს 44 600 ლარი გადაუხადა,”-განაცხადა იურისტმა ნინო ცუხიშვილმა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ნაკლები პრობლემურობით მუნიციპალიტეტების საკრებულოები გამოირჩევიან, რაც მათივე განმარტებით, საკრებულოში უფრო ნაკლები საჯარო მოხელის არსებობიდან გამომდინარეობს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *