პოლიტიკა
ქუთაისის მერი:თეთრ ხიდთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიასთან ჩვენ უფრო მეტი პრეტენზიები გვაქვს
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო კვლავ გააკრიტიკეს. ბრალდებებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა და განაცხადა, რომ მერიას ხიდზე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაცილებით მეტი პრეტენზიები აქვს, ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"თეთრ ხიდთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიასთან ჩვენ უფრო მეტი პრეტენზიები გვაქვს. ეს აისახება კიდეც ჩვენს ქმედებებში. პროექტი 460 000 ლარის ღირებულების იყო. 190 000 ლარის ოდენობის თანხა დავუკავეთ და არ ჩავურიცხეთ კომპანიას. 200 000 ლარამდე დავაჯარიმეთ და სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. ჩვენი ექსპერტიზა ამუშავებს საკითხს, თუ რა არის პროექტზე დაკლებული. ამის შემდეგ მას სამხარაულშიც გავიტანთ. თეთრ ხიდს ისევ გავუკეთებთ რეაბილიტაციას და მივიყვანთ ბოლომდე. ხიდის გახსნა მოხდა ზეიმით იმიტომ, რომ ის ლაქი ხარისხიანი იყო თუ უხარისხო არ გვქონდა ნანახი, შემდეგ გამოიკვეთა. ხიდი უნდა გაგვეხსნა, რათა მოსახლეობას ესარგებლა. ყველა საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

რაც შეეხება ხიდზე მინის საფარის დაზიანების ფაქტს, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და მომხდარი მალე გახდება ცნობილი.

ხიდის რეაბილიტაცია კომპანია "ალმა რუს საქართველომ" განახორციელა.
| Print |