“ევროპული საქართველო” აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სიმძიმის დასკვნა ქუთაისის მერიის შესახებ ამ დრომდე არ გაცემულა. 

“ასეთი მძიმე დასკვნა ქუთაისის მერიაზე ჯერ არ დაწერილა. ეს ანგარიში არის კრიმინალური ფაქტებით სავსე. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ენდოთ თუ არა ასეთ ხელისუფლება. ახლაც იგივე დარღვევები ხდება, რაც გასულ წლებში, განსაკუთრებით პრობლემურია ინფრასტრუქტურის მიმართულება,”– განაცხადა “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.

“აუდიტის სამსახურის ანგარიში ნათლად მიანიშნებს იმ კრიმინალურ საქმიანობაზე, რასაც ქუთაისის მერია ახორციელებდა. ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც არის სოციალური საცხოვრისი, გარე განათება და საგზაო ინფრასტრუქტურა. ის რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს უნდა გადაეგზავნოს,”– განაცხადა პარტიის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

აუდიტის სამსახურმა ანგარიში 3 მარტს გამოაქვეყნა. ის 2015–2016 წლებში შესწავლილ ფინანსურ დოკუმენტაციას ეხება. დასკვნაში საუბარია სოციალურ საცხოვრისზე, ასათიანის ქუჩაზე, დროში გაწელილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ასევე, გაზრდილ სამივლინებო ხარჯებსა და დასაბუთების გარეშე გაცემულ პრემია–დანამატებზე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულზე შეფასების გაკეთება გამოძიების კომპეტენციაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *