“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია ქუთაისის მერიასთან ღამის ქოთნებითა და “პამპერსებით” მივიდა.

წულაიამ პერფორმანსით ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი საპირფარეშოები გააპროტესტა. 

“ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამოგვიგზავნა ღამის ქოთნები და “პამპერსები”, რათა ქალაქის მერმა ტურისტებს დაურიგოს. ქუთაისის მერს ერთი საპირფარეშოს გახსნა მაინც უნდა შეეძლოს, ქალაქის მართვას რომ თავი დავანებოთ,”-განაცხადა წულაიამ.

პარტიის წარმომადგენლებმა მერიაში შესვლა და ნივთების კანცელარიაში დატოვება სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ შენობაში ადგილზე მიტანილი ღამის ქოთნები და “პამპერსები” არ შეატანინეს.

ქუთაისის მერიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

პარტიის წევრებმა ცენტრალურ ბაღში არსებულ საპირფარეშოსთან აქცია იანვრის თვეშიც მოაწყვეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისაკენ მოუწოდეს.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *