ზესტაფონის მერობის კანდიდატად პარტია “თავისუფალი საქართველოდან” გოგი წულაია იბრძოლებს.

წულაია ზესტაფონელ ამომრჩევლებს დღეს კახა კუკავამ წარუდგინა.

“პრობლემები თითქმის ყველა ქალაქში ერთნაირია. ეს არის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და უმუშევრობა. ზესტაფონს ემატება ფეროს ქარხანა, რომელიც წამლავს გარემოს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მაღალია კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. იბრძვი ზესტაფონის გადარჩენისთვის ? ესე იგი იბრძვი ქუთაისის გადარჩენისთვისაც,”-განაცხადა გოგი წულაიამ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას.

ზესტაფონის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ თვითმმართველობებს უფლებამოსილების გაზრდა სჭირდებათ, რადგან მუნიციპალიტეტებში არსებულ მძიმე მდგომარეობას ბუტაფორული თვითმმართველობები ვერ გამოასწორებენ.

გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ფეროს ქარხნის შემოსავლის გარკვეული ნაწილი ზესტაფონის განვითარებას უნდა ხმარდებოდეს და მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტისაკენ არ უნდა იყოს მიმართული.

“მთელი თანხა მიდიოდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე მთავრობას სთხოვდე თანხას დაუშვებელია. ფეროშენადნობთა ქარხნის შემოსავლის გარკვეული ნაწილი ზესტაფონში უნდა დარჩეს,”-აცხადებს წულაია.

მერობის კანდიდატი ამბობს, ის მოსახლეობას აქტიურ რეჟიმში ხვდება და ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა.

მერის არჩევნები მუნიციპალიტეტში 19 მაისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *