ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი კვლევა წარადგინა. კვლევა პროექტის “ადგილობრივი მმართველობა -გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან” ფარგლებში მომზადდა.

მისი ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს მრავალმხრივ დიალოგს ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით. პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით, პროექტი მოიცავს კვლევით და კამპანიური შინაარსის ღონისძიებებს. ამავდროულად, ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლების ანალიზს, აღნიშნულ თემატიკაზე ძირითადი პრობლემების გამოკვეთასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

“ჩვენი კვლევის მიზანი იყო თვითმმართველობის კონსტიტუციური სტატუსი შეგვესწავლა. ასევე გვქონდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მათი განწყობა თვითმმართველობების მიმართ. სამწუხაროდ, ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც დღეს მოქმედებს საკმარის შესაძლებლობას კიდევ არ ჰქმნის იმისათვის, რომ ადამიანები სრულფასოვნად ახორციელებდნენ ამ თვითმმართველობის უფლებას. უფრო მეტიც, თვითმმართველობა, როგორც უფლება ამ ახალმა კონსტიტუციურმა რეგულაციებმა კიდევ უფრო დააკნინა. არა და მას რატომღაც ბევრი მიიჩნევდა პროგრესულად და თვითმმართველობის გაძლიერების წინაპირობად.”- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორმა გიორგი მელაძემ.

მისივე განცხადებით, მოქალაქეების ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართულობა ნაკლებია. კონკრეტული საჭიროებების გარდა მათ თვითმმართველობებთან შეხება არ აქვთ.

“ჩვენ როგორც გამოვიკვლიეთ თვითმმართველობის მიმართ დამოკიდებულება თითქმის ყველგან ერთნაირია. ძალიან პასიური ჩართულობაა ადამიანების. ამას თავისი მიზეზი აქვს, მოქალაქეები არ თვლიან, რომ თუ მათ რაიმე სპეციალური ინტერესი არ აქვთ, თვითმმართველობა რამეში სჭირდებათ. თვითმმართველობები იქცა ძალიან სპეციალური ინტერესების ინსტრუმენტებად და ხშირ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური სპეციალური ინტერესი, თუმცა აქვეა ეკონომიკურიც.”- განაცხადა მელაძემ.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორს მთავარი რეკომენდაცია მოქალაქეებთან აქვს. აცხადებს, რომ მათი ჩართულობა ადგილობრვი თვითმმართველობის საქმიანობაში უნდა გააქტიურდეს.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრის კვლევის შესახებ ლექციები ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. ლექციების დასრულების შემდეგ კი დოკუმენტის ნახვა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *