პოლიტიკა
"მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა, შეგვიძლია შევხვდეთ და დავისახოთ გეგმები"
ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ არჩევნები შეაფასა. გოგლიჩიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულ იყო.

"მე ვარ ამ მუნიციპალიტეტის მერი, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა, შეგიძლიათ შევხვდეთ. დავისახოთ ის გეგმები, რაზეც ჩვენ შეხვედრებზე ვსაუბრობდით. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც დროულად აღკვეთეს ყველა ის პროვოკაცია, რომელსაც ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები"– განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ. 

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, ზესტაფონში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,57 პროცენტი მიიღო. სხვა კანდიდატების მონაცემები ასეთია: №5 ბაქარ ხიჯაკაძე 34,29%, №8 ანზორ ნებიერიძე 2,66%, №9 გიორგი წულაია 5,83%, №42 ვახტანგ რობაქიძე 5,17%. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საკუთარი არჩევანი 25 857-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგისტრირებული ამომრჩევლის 47%-ია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარი შევიდა. თუმცა აცხადებენ, რომ საჩივრები შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
| Print |