ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ნანა კოსტავას

თანამდებობა დატოვებინეს. ინფორმაციას ქუთაისის საკრებულო ავრცელებს.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ” ქართული ოცნება- კონსერვატორების” წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს,”-ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ პეტიციაც შეიქმნა. მისი ავტორი თამარ მუკბანიანია. მუკბანიანი საქართველოს მთავრობას მიმართავდა და ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა. ნანა კოსტავას წინააღმდეგ გაიმართა საპროტესტო აქციაც.

“ქართული ოცნებიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ “ფეისბუკზე” სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების” დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა: “ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,”- წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *