პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ნანა კოსტავას საკრებულოს ვერ დაატოვებინებს
ქუთაისის მერისა და ამავე დროს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ის არ არის უფლებამოსილი პირი, რომ ნანა კოსტავას საკრებულო დაატოვებინოს. 

"ნანა კოსტავა არ არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი. შესაბამისად, აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი პირი მას დაატოვებინოს პარტიის რიგები. ნანა კოსტავა გახლავთ ,,კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის არასწორი და მიუღებელი,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

"ქართული ოცნებიდან" ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ "ფეისბუკზე" სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა: "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,"- წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს და გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.

| Print |