ტაბიძის ქუჩაზე შეწყვეტილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კომენტარი

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთა. ჭიღვარია ამბობს, რომ შემსრულებელმა კომპანიამ თანხა ქვეკონტრაქტორ კომპანიას არ ჩაურიცხა, რის გამოც ქვეკონტრაქტორმა მუშებს ხელფასები ვერ გადაუხადა. ქალაქის მერი ამბობს, რომ “ჯეო სერვისს” ჯარიმები ყოველდღიურად ერიცხება.

“გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 1 200 000 ლარამდე ღირებულების იყო. ტენდერი მოიგო შპს “ჯეო სერვისმა”, რომელმაც ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს “ელბი გრუპი”. “ელბი გრუპმა” დაიწყო სამუშაოები. ჩვენ პირველი ავანსი ჩავურიცხეთ 230 000 ლარი, სამუშაოებს ესწრებოდა ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა მათ შეწყვიტეს მუშაობა. ჩავერთეთ ამ პროცესში, რადგან გაგვერკვია რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ შპს “ჯეო სერვისმა” აღარ ჩაურიცხა თანხა ქვეკონტრაქტორს და ამის გამო შეწყდა სამუშაოები. დავიწყეთ უკვე მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, ყოველდღიური ჯარიმა ერიცხება შპს “ჯეო სერვისს”, ასევე ველოდებით კვირის ბოლომდე შეხვედრას. პარალელურად, დავიწყეთ მუშაობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში, 140 000 ლარამდე მოუწევთ მათ დაჯარიმება. მათ 360 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებული აქვთ,”-განაცხადა ქუთაისის მერმა.

ქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში ყველა იმ კომპანიის მიმართ გამოიჩენს მაქსიმალურ სიმკაცრეს, რომელიც ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო მუშები სამუშაოების განახლებაზე უარს ამბობდნენ.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *