ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.

ღონისძიებისათვის სამზადისი ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ელექტრომობილებს 20 ივნისს წარადგენენ. ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

“რამდენმე კვირაში დაიწყება კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში და მთლიანად რეგიონში. აღნიშნული კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო, დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი – ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქარხანა 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, საიდანაც 50 პროცენტი ქვეყნის შიდა ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილები საავტომობილო ბაზარს 2020 წლისათვის შეემატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *