გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”

ახალგაზრდული ფრთის წევრები ზებრა გადასასვლელებზე დადგნენ და მოქალაქეებისა და მძღოლების მისამართით “გახარია გადადგეს” სკანდირებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სისტემა უნდა დაინგრეს, “გავრილობის ღამის” მოწყობაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯნონ და გახარიამ აქციაზე დაშავებული ახალგაზრდების გამო პასუხი უნდა აგოს.

“ჩვენი მოთხოვნაა, გახარიამ დატოვოს პოსტი. ასევე, დაისაჯოს ყველა ის გახარია, რომლებიც გვყავს პარლამენტში. არასრულწლოვნების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელთაც თვალი დაკარგეს, ყველამ პასუხი უნდა აგოს,”-განაცხადა ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრმა, ნინო თვალავაძემ.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების პარლამენტიდან წასვლაც მოითხოვეს. მათი განმარტებით, მაჟორიტარებს გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა ეამაყებოდათ.

აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ მალევე განიმუხტა.

აქცია-პერფორმანსი პარალელურად მეორე ლოკაციაზეც მიმდინარეობდა.

ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *