ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს”

გულშემატკივრებს ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ვიზიტის დროს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და განმარტა, რომ კლუბის შესახებ გაცემულ არც ერთ დაპირებაში ეკონომიკის სამინისტრო არ მონაწილეობს. ინფორმაციას, რომ მიწის გადაცემის თაობაზე ჩინელ ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თურნავა უარყოფს.

“მოვისმინეთ, რომ არის პრობლემები. გავერკვიეთ, ვინ რა დაპირება გასცა კლუბზე. ერთად გავარკვიეთ ისიც, რომ აქ მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო არ მონაწილეობს, არაფერ შუაშია და არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული. იყო დავუშვათ კერძო პირისა და კერძო კომპანიის დაპირება, რაც კიდევ გასარკვევია. იმედი მაქვს, რომ ვინც კი ვინმეს რამეს ჰპირდება, პასუხისმგებლიანად მიუდგება და შეასრულებს. ჩვენ ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და პასუხისმგებლიანად ვუდგებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ამ პროცესში არ ვმონაწილეობდით. ზოგადად, სწორი გზაა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართონ. არასწორია გაჟღერებული ინფორმაცია, ჩვენ ინვესტორებთან შემოვლითი გზებით არ ვკონტაქტობთ. ჩინელ ინვესტორებს, ალბათ, “ჰუალინგზეა” საუბარი, ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ აქვთ. ამ ნაწილში არ გვჭირდება სხვადასხვა პირისა და მათ შორის საეჭვო პირების შუამავლობა,”-ამბობს თურნავა.

შეხვედრიდან გამოსულ გულშემატკივრებს არ განუმარტავთ, რა საკითხები იყო განხილული მინისტრთან საუბრისას. ისინი აცხადებენ, რომ მოილაპარაკებენ და შეხვედრის შესახებ ინფორმაციას დღეს დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *