ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა

ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრი დაინტერესდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ გამოიწვია თუ არა ქუთაისში ტურისტთა ნაკადის შემცირება და სასტუმროებში ჯავშნების გაუქმება. 

“ფრენების გაუქმების შემდეგ, აჭარა დიდი დარტყმის ქვეშ დადგა. 50%-ზე მეტი ჯავშანი გაუქმდა. კახეთში შემოდგომისკენ ველოდებით მდგომარეობის გაუარესებას, მაინტერესებს, რა ხდება ქუთაისში,”-განაცხადა თურნავამ ადგილობრივი მცირე სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე მისულმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქ​მდა, რამაც მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები შეაჯამა და განმარტა, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ძირითადად სამი მოთხოვნა აქვთ.

“ამ დღეებში გამოწვევის წინაშე დავდექით. ერთი მილიონი ტურისტის მოლოდინი გვქონდა რუსეთიდან. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი. არის მოთხოვნები, რომ იყოს სტაბილიზაცია და მშვიდობა. მივაწოდოთ ხმა მსოფლიოს, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ქვეყანა. მეორე არის ფინანსური პრობლემები და  ბანკის სესხები. მესამე, ბიზნესი ითხოვს, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რუსი ტურისტიც არ წავიდეს ქვეყნიდან და შევინარჩუნოთ ჩვენს ბაზარზე. ეს სამი რამ არის დავალება, რომლებიც მივიღეთ მოქალაქეებისაგან,”-განაცხადა თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *