რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საქართველოს პარლამენტისთვის

და რას ცვლის აღნიშნული საკითხი მოსახლეობისთვის; რა ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს? ამ თემებზე ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში იმსჯელეს.

საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, ზაალ გორგიძემ განაცხადა, რომ მრავალპატრიული პარლამენტის არსებობა მისასალმებელია თუ საქმე არ გვექნება ფარდისმიღმა გარიგებებთან. მისივე განმარტებით, უარყოფით გარემოებებად შეიძლება მთავრობის დაკომპლექტების საკითხი ჩაითვალოს. გორგიძე ამბობს, რომ თუ ახალი სისტემა ძალაში შევიდა, ამომრჩევლის არც ერთი ხმა არ დაიკარგება.

“ბევრმა მოქალაქემ გაიგო ისე, თითქოს პარლამენტში შესვლას ყველა შეძლებს. ზოგადად, ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, არსებობს გარკვეული ბარიერი – 0,67%. ეს მოიაზრებს 10 000-ზე მეტ ხმას, რომ პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი დასამტკიცებელია. კარგია, თუ პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს გარკვეული ფარდისმიღმა გარიგებები. საინტერესოა, შეცვლის თუ არა თითო ან ორი მანდატი პოლიტიკურ ამინდს ან ვისთან გაერთიანდებიან ისინი. ნაწილი ამართლებს 3%-იანი ბარიერის არსებობას იმით, რომ პარლამენტში ძლიერი პოლიტიკური ძალა შევა. დადებითი მხარეა ის, რომ ამომრჩევლების ხმა არ დაიკარგება. წინა არჩევნებში ათი ათასობით ხმა დაიკარგა. უარყოფითად ფასდება ის მხარე, თუ როგორ მოხდება მთავრობის დაკომპლექტება,”-განაცხადა გორგიძემ.

საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია დღეების წინ დათმობაზე წავიდა და რამდენიმე დღის წინ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას, დათანხმდა. “ქართულმა ოცნებამ” მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა, აქვს დათქმა – საარჩევნო ბარიერი უნდა გაუქმდეს. ამ მოვლენებამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოითხოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *