ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის

სხდომაზე დეპუტატებმა მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს. როგორც სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს 25 პროგრამა ხორციელდება, მათგან 7-8 ჯანდაცვის, ხოლო დანარჩენი მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

მისივე განმარტებით, სოციალური მიმართულებით წელს 3 ახალი პროგრამა ხორციელდება, რომელთა შორისაა მრავალშვილიანი დედებისათვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც მათ კერძო საქმიანობაში ჩართვას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი სიახლეა გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარებას მოიცავს.

“როდესაც ოჯახში გაუთვალისწინებელი კრიზისული სიტუაციაა, მათი დახმარება უახლოეს 5 დღეში მოხდება. ამაში არა მარტო მერია, არამედ სოციალური სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. დახმარება მედიკამენტებით, პირველადი საჭიროების ნივთებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისიწინებს,”-ამბობს ჩიჯავაძე და განმარტავს, რომ განვლილ 6 თვეში მსგავსი ტიპის დახმარება 38 ოჯახს გაეწია.

სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეტია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *