იმერეთის მუნიციპალიტეტებში, 2015-2016 წელთან შედარებით, 2017-2019 წლებში

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები უფრო მეტად გამოიყენეს, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული ვითარება გასაუმჯობესებელია. კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში ხელს უშლის როგორც არსებული კანონმდებლობა, ასევე, მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირება ჩართულობის მექანიზმებზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. ორგანიზაციამ ამ კუთხით 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით არსებული ვითარება მიმოიხილა:

დასახლების საერთო კრებები ჩატარდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არის შექმნილი მერის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, თუმცა ქუთაისის გარდა, არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის დაცული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.

საკვლევ პერიოდში სულ 4 პეტიცია დარეგისტრირდა ჭიათურის, სამტრედიის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები 2017 -2019 წლებში არ დასწრებიან, სხვა მუნიციპალიტეტებში დასწრება ფიქსირდება, თუმცა იშვიათად.

2017-2019 წლებში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები, თერჯოლის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტების გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართებოდა.

ჭიათურისა და სამტრედიის გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერს ჩაბარებული აქვს ანგარიში მოსახლეობის წინაშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *