წლებია, საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში აქტუალურია.

მოქალაქეები ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტას სთხოვენ. სველი წერტილების არ არსებობას აპროტესტებს ოპოზიციაც.

გასულ წელს ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ მოქალაქეთა ინიციატივების კონკურსში სწორედ ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის საკითხმა გაიმარჯვა. მერიას პრობლემა 2019 წლის ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინა და მოეგვარებინა, თუმცა, ანალოგიური კონკურსი მეორედ ისე გამოცხადდა, რომ შარშანდელი გამარჯვებული ინიციატივა კვლავ განუხორციელებელია.

ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებას ხელი ბარიერების არსებობამ შეუშალა. სამუშაოების გაჭიანურება ტენდერის რამდენჯერმე ჩავარდნამ და ცენტრალური ბულვარის პროექტირებამ გამოიწვია. ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ უმოკლეს ვადებში მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში არსებული საპირფარეშოს მოწყობა მოხერხდა. ვიცე-მერი ირწმუნება, რომ მომავალ წელს ქალაქს ორი ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშო ექნება.

“ბევრი ბარიერი არსებობდა, აქამდე რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი. მაგრამ რაც ყველაზე სწრაფად იყო მოსახერხებელი იყო ის, რომ ბულვარში არსებული საპირფარეშო გაიხსნა. გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე და გაისად ორი განახლებული საპირფარეშო ექნება ქალაქს. ერთი მოედანზე და, სავარაუდოდ, მეორე ლოკაცია იქნება წითელი ხიდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს ყველაფერი. გვირჩევნოდა, მაგალითად, ყოფილიყო კერძო სუბიექტი, რომელიც აიღებდა ამ საკითხს მის ერთიან მართვაში და მოაწესრიგებდა ერთიანად. ორჯერ ჩავარდა ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერი და მივიღეთ გადაწყვეტილება უკვე ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა,”-ამბოს ნინო თვალთვაძე.

რაც შეეხება მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიმდინარე კონკურსს, ნინო თვალთვაძე აცხადებს, რომ სჭარბობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიცე-მერი ირწმუნება, რომ მერია გამარჯვებულ იდეებს აუცილებლად განახორციელებს.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუმტკიცოთ მოქალაქეებს რომ მათი ინიციატივა მივა ბოლომდე და განხორცილდება და ეს ასეც იქნება. როცა ნახავენ რომ მათს აქტიურობას აქვს შედეგი, მოტივაცია გაიზრდება,”-განაცხადა ვიცე-მერმა.

“ის, რომ მოქალაქეთა გამარჯვებული იდეა ვერ შეასრულეს, ძალიან დიდი პრობლემაა,”-ამბობს მერიის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე, რომელმაც საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასულ წელს გამარჯვებულის გამოვლენაში მიიღო მონაწილება. კოხრეიძე აცხადებს, რომ საბჭოს მხრიდან საკითხი თვითმმართველობის წინაშე ხშირად ისმება.

“ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ვსვამთ სულს, რათა არ წარმოიშვას ის კითხვები თუ არ იქნება შესრულებული გასული წლის ინიციატივა, რა ბედი ეწევა წლევანდელ ინიციატივას. წინა წელი იყო საპილოტე წელი და ჩართულობის ამ მექანიზმის გარკვეული მოთელვა,”-განაცხადა კოხრეიძემ.

მიმდინარე წელს მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა ათი საუკეთესო ინიციატივა უკვე შეარჩია. იდეები მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება, სადაც საზოგადოება ხმის მიცემას შეძლებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *