ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ წყალტუბოს რეაბილიტაციის

პროექტზე კომენტარი იმერეთის გუბერნატორმა და წყალტუბოს მერმა გააკეთეს. მათი თქმით, ინიციატივის განხორციელება წყალტუბოს ძველ დიდებას დაუბრუნებს, რეგიონში ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ქალაქში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

“ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს იმერეთი საუკუნო პროექტების ეპიცენტრი გახდა. როკოთის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, წყალტუბოს რეაბილიტაცია. 22-ვე სანატორიუმი აღდგება და წყალტუბოს ახალი სიცოცხლე მიეცემა. ეს არის შესაძლებლობა არა მხოლოდ წყალტუბოსთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის, რომ დასაქმდეს დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი. ეს იქნება იმერეთისათვის დიდი ნაბიჯი ეკონომიკური სტაბილურობისაკენ,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

“წყალტუბოს მოსახლეობამ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაიგო. წყალტუბო იბრუნებს იმ სახეს, რომელიც ოდითგანვე ჰქონდა. სამწუხაროდ, ათეული წლებია ამ ქალაქში არ ჩადებულა იმხელა ინვესტიცია, რაც ამ ქალაქის განვითარებას შეძლებდა. ეს იქნება ის პროექტი, რომელიც უამრავ ადამიანს დაასაქმებს. ბიზნესისთვის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში ახალი ობიექტები გაჩნდება,”-განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 

რაც შეეხება დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც ამჟამად სანატორიუმებში ცხოვრობენ, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა როგორ წყალტუბოში, ასევე ქუთაისში. წყალტუბოში დევნილებისათვის 8 კორპუსი შენდება და 560 ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა. 

ქალაქ წყალტუბოში 11 300-მდე მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო მუნიციპალიტეტში 56 000-მდე.

ფოტო: იმერეთის გუბერნია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *