გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით,

წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება. მინისტრის განმარტებით,  კლასტერის შექმნა სასათბურე სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებასა და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას, ახალ ბაზრებზე წვდომას შეუწყობს ხელს.

“წყალტუბოში მცირე მეწარმეებისათვის აბსოლიტურად ახალი პირობები უნდა შევქმნათ, რომ მათ შექმნან საექსპორტოდ ღირებული პროდუქცია. ჩვენ უნდა გავიდეთ მსოფლიოს ახალ ბაზრებზე. ძალიან ბევრ მცირე მეწარმესთან გვაქს საუბარი იმაზე, რომ მათი გაერთიანება მოხდეს. დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები. წყალტუბოში ახალი შესაძლებლობები ჩნდება ტურისტული კუთხით. ტურისტების გაზრდილ მოთხოვნა სჭირდება ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი,”-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება.

სოფელ მაღლაკში 125 ჰექტარზე სასათბურე კლასტერი აშენდება. სასათბურე მეურნეობები და მთელი კომპლექსი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც უმაღლესი სტანდარტების პროდუქცია იწარმოება, მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა მოწეული ბოსტნეულის საექსპორტო ბაზრებისთვის მოსამზადებლად და გასატანად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წყალტუბოში შპს “ჰერბიას” მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობაც დაათვალიერა.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *