პოლიტიკა
მერიაში ვერ აკონკრეტებენ, რეაბილიტირდება თუ არა მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია
მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მოთხოვნის საკითხზე კომენტარი ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა. მირზა ხიდაშელი ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორია თავის დროზე კონსტრუქციული თვალსაზრისით არასწორად გაკეთდა. 2019 წლის ბიუჯეტში კი ობიექტის რეაბილიტაცია სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტების არსებობის გამო ვერ ჩაისვა. ხიდაშელი ვერ აკონკრეტებს, 2020 წლის ბიუჯეტში იქნება თუ არა გათვალისწინებული ტერიტორიის მოწყობა.

"კონსტრუქცია, რომელზეც ეს ფილებია განთავსებული, ვერ უძლებს მის სიმძიმეს. საჭიროა მისი კაპიტალური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ყველა ის პრობლემა, რაც ქალაქს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით აწუხებს, ერთი ან ორი წლის განმავლობაში ვერ გადაწყდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ სხვა პრიორიტეტები დასახა და მიმდინარე წელს ისინი შესრულდა. 2020 წლის ბიუჯეტი ფორმირების პროცესშია და ყველა ვნახავთ რა სახეს მიიღებს,"-ამბობს ხიდაშელი.

რაც შეეხება ქუთაისის მერიის ბიუჯეტში არსებულ ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამას, ხიდაშელი აცხადებს, რომ ოპოზიციის ინფორმაცია არასწორია და პროგრამაში ამ დროისათვის მხოლოდ 20 000 ლარია მობილიზებული. კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა მერიამ აღნიშნული პროგრამა მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად, ხიდაშელი განმარტავს, რომ პროგრამაში თანხა მხოლოდ ინფრასტრუქტურის პერიოდულ შეკეთებაზეა გაწერილი და არა კაპიტალური სამუშაოების შესრულებაზე.



| Print |