პოლიტიკა
ქუთაისის მერია საჯარო მოხელეების გადამზადებაში 10 000 ლარს გადაიხდის
ქუთაისის მერია საჯარო მოხელეების გადამზადებისათვის ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარია. მიმწოდებელმა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამის /საბაზისო პროგრამების/ სწავლება უნდა უზრუნველყოს. საჯარო მოხელეებმა შემდეგი პროგრამები "პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი" და "მოხელის მენეჯერული უნარები" უნდა გაიარონ.

კურსი შემდეგ საკითხებს მოიცავს: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება); მომსახურებისა და ხარისხის მართვა რისკების მართვა, ცვლილებების მართვა; გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე; პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა; საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები; ადმინისტრაციული წარმოება; ეთიკა საჯარო სამსახურში; პროფესიული კომუნიკაცია; თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა; ეფექტური მომსახურება და დროის მართვა და სხვა.

ტრენინგები პირველ, მეორე და მესამე კატეგორიების უფროსს და უმცროსს სპეციალისტებს ჩაუტარდებათ.

მიმწოდებელი ვალდებულია, სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადასცეს სერთიფიკატი.

წინადადებების მიღება 13 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბერს სრულდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |