პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნა და თბილისში საპროტესტო აქციის დარბევა ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს.

“გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ”, “არა ოლიგარქიას”, “ჭორვილიზაცია უნდა დასრულდეს” – სტუდენტები ამ ლოზუნგით მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

 

“ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩვენი უცვლელი მოთხოვნაა. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ გუშინ დარბეულ, დაშავებულ და დაპატიმრებულ ხალხს. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს რუსი ოლიგარქის მონობა და უკანონო ბრძანებების შესრულება. აქ არჩევანი დგას რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და ევროპისკენ სვლას შორის. არანაირ დაპირებას აღარ მივიღებთ, იქეთ მოუწევთ დათმობაზე წასვლა,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

 

“ბიძინა ივანიშვილმა მისი უგუნური გადაწყვეტილებით მთელი სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები გააერთიანა. ლოზუნგი “ერთად ერთის წინააღმდეგ” დღევანდელი რეალობაა. ახალგაზრდებს ერთი რამის გამო შევუერთდით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გადამგდები და ამ გადაგდებას მას არ ვაპატიებთ,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, დავით გოგისვანიძემ.

 

სტუდენტებმა მსვლელობით ქუთაისის მერიის წინ გადაინაცვლეს და თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის ფეისბუკ პოსტსაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საჯარო მოხელეები მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.

 

“სირცხვილია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თბილისში ფეხით უვლიან და საკრებულოს წევრი, რომელიც დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს, აქვიის მონაწილის შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს,”-განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

 

სტუდენტები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *