საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაზე შესაბამისი საინფორმაციო აბრები განათავსეს. 

,,რა თქმა უნდა, იმერეთი სიამაყით უერთდება ამ ისტორიული დღის აღნიშვნას – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ქუთაისის მერიის შენობაზე გადმოფენილი ბანერებით ამ უმნიშვნელოვანესი დღისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროსაბჭოში პრიორიტეტულ თემებს სწორედ საქართველო განსაზღვრავს, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას. საქართველო ევროპის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ. 

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, დღეს, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული. შემდეგ, ქ. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქ. სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი ქ. სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *