ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე მივიდა,

რომლის ბიუროს კარის დაბოქლომებასაც ოპოზიცია ცდილობდა. სხდომაზე მობილიზებული იყვნენ მერიის ააიპების თანამშრომლები და ის პირები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.

მხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პარლამნეტში შესვენების გამო დრო გამონახა და სხდომაზე ქალაქში მიმდინარე აქტუალურ საკითხებში გასარკვევად მივიდა. მისივე თქმით, ბიუროში რამდენიმე მოქალაქესთან შეხვედრაც ჰქონდა ჩანიშნული. 

“დღეს პარლამენტში შესვენება გვაქვს და გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი სხდომაზე. გადავხედე და გადავამოწმე რამდენიმე საკითხი. ქუთაისში პარლამენტში ფუნქციონირების დროს საკრებულოს სხდომებს ვესწრებოდი, თუმცა, კომიტეტებში მუშაობა და საკრებულოს სხდომები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, რადგან შესვენებაა პარლამენტში, გამოვიყენე ეს დრო ქუთაისში ჩამოსასვლელად,”-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

კითხვაზე, რას უკავშირდება საკრებულოს სხდომაზე იმ ადამიანების მობილიზება, ვინც მისი ბიუროს კარს დაბოქლომებისაგან იცავდა, მხეიძე პასუხობს: “ქალაქში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირებზე ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, ისინი იცავდნენ თუ არა ჩემს ბიუროს. დააანონსა მათმა მეთაურებმა დაბოქლომება და ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობას არ სურს “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში მოსვლა,”-განმარტა მხეიძემ.

სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

მერიის ააიპების თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ სხდომაზე მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მოსასმენად მივიდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *