“მსჯელობისა და კონსულტაციების დონეზე მუშაობა

ახლაც მიმდინარეობს”,-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდული საქმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლორთქიფანიძემ ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების საკითხზე.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ძეგლის არსებობა “თავისუფლების ქარტიას” ეწინააღმდეგება და მან საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა. კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიამ საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაციის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაიგზავნა.

“გენდერული თანასწორობის საბჭოდან მივიღეთ საკითხი, რომელზეც იმსჯელა კომისიამ. კომისიის გადაწყვეტილებით, გავაგზავნეთ რეკომენდაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო შესწავლა. ქუთაისელების აზრი არის გასათვალისწინებელი. ჩემი პირადი აზრია, რომ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით იმოქმედოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. თუმცა, იქ რომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლი იდგეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, უფრო მისაღები იქნებოდა. მსჯელობისა და კონსულტაციების დონეზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა, ალბათ, ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს მომავალი წლიდან უნდა ველოდოთ. საკითხის განხილვა ჭიანურდება იმდენად, რამდენად პრიორიტეტულია იქ დემონტაჟის დაწყება და ახალ იდეაზე ფიქრი. ამისთვის თვითმმართველობას დრო სჭირდება,”-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

ქუთაისის საკრებულომ ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების საკითხზე მოსახლეობის აზრის გამოკითხვაც ჩაატარა. მოქალაქეთა უმეტესობამ მხარი ძეგლის დემონტაჟს დაუჭირა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *