“თავისუფალი საქართველოს” ოფისთან გამართულ

“ოცნების” მხარდამჭერების აქციაზე მობილიზებული იყვნენ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და ააიპების თანამშრომლები.

ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე, სპორტის ააიპის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგიბიანი და სპორტის ააიპის თანამშრომელი გაბრიელ ფოლკენშტერნი.

“დავინახე ხალხი და მოვედი. არ შეიძლება? ვმოძრაობდი მანქანით. გადაადგილების საშუალებას კონსტიტუცია გვაძლევს. დავინტერესდი რა ხდება,”-თქვა მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

“მე საკრებულოს წევრი ვარ და შემიძლია გადავაადგილდე. მე საკრებულოდან ხელფასსაც არ ვიღებ და ჩემი აქ ყოფნით რაიმე არ ირღვევა. აქ ვარ იმიტომ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ ასეთ გადაადგილებებს. ისინი იმისათვის კი არ მსჯელობენ, რომ სიწყნარე იყოს ქუთაისში, არამედ იმისთვის, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია. არავის ისეთი უფლებები არ ჰქონია და არავინ ისეთი უფლებებით არ სარგებლობდა, როგორც დღეს ესენი სარგებლობენ. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ნიშნავდეს შეურაცხყოფას,”-განაცხადა ალეკო ახალაძემ.

სპორტის ააიპის უფროსის მოადგილე და მერიის ეკონომიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ ის სამსახურიდან 3 დღით გათავისუფლებულია და აქციაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.

“აქ პოლიტიკა და ჩემი სამსახური არაფერ შუაშია. აქ არის შინაგანი მე. რისთვისაც მე აქ მოვედი, ეს არის გამოვხატო ჩემი პოზიცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით. იმ ძალადობასთან მიმართებაში, რაც ჰქონდათ და რასაც აკეთებენ. სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ დღეს და კიდევ ორი დღე. პირადი მიზეზით ვითხოვე ოფიციალურად გათავისუფლება. გავიგე რაც ხდებოდა აქ და მოვედი პოზიციის დასაფიქსირებლად. ნებისმიერი პროტესტი მისაღებია, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენი აზრი არ დავაფიქსიროთ, ესეც არ შეიძლება”-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

“როგორც ქუთაისლებს შემოუთვალეს დაგაჩოქებთო, ისე დავაჩოქებთ ჩვენც და გავუშვებთ,”-თქვა გაბრიელ ფოლკენშტერნმა.

“ოცნების” მხარდამჭერები “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისთან მაშინ მივიდნენ და შენობაში შეჭრა სცადეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში, 6 დეკემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ თათბირობდნენ. “თავისუფალი საქართველოს” ოფისში იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი აკაკი ბობოხიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *