სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ხონის მუნიციპალიტეტში ჩაატარა.

აუდიტის შედეგებში წერია, რომ მუნიციპალიტეტში ერთი და იმავე საქმიანობის განსახორციელებლად ფუნქციონირებს ორი ა(ა)იპ და არ არის არგუმენტირებული ა(ა)იპ-ების ცალ-ცალკე ფუნქციონირებით მიღებული დამატებითი სარგებელი და ეფექტიანობა. ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ფუნქციონირებენ: ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი. აღნიშნულ პერიოდში ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 407.0 ათასი ლარი. ორივე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ჯამში 22 თანამშრომელი.

“წარმოდგენილი ინფორმაციით, 2017-2018 წლებში ა(ა)იპ − სათნოების სახლი მომსახურებას უწევდა 130 ბენეფიციარს და დაფინანსებულია 217.5 ათასი ლარით, ხოლო ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი − 120 ბენეფიციარს და დაფინანსებულია 189.5 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში, ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს, თითოეულს გააჩნია სათანადო პირობები და საკმარისი რესურსი პროგრამით მოსარგებლეთა დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა თავისი მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შეუცვლელად, შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ორგანიზაციის მიერ. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის ორი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობენ პროგრამით სარგებლობის მსურველები (მომლოდინეები), რომელთა პროგრამაში ჩასმა ვერ ხერხდება არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო. იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი რესურსი მომლოდინეთა კვებით უზრუნველყოფისთვის, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა,”-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

2017-2018 წლებში ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე სულ დაიხარჯა 116.4 ათასი ლარი.

ხონის მერიაში ამბობენ, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *