“ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არ უნდა იყოს განხილული, როგორც არასაპატიო

მიზეზით გამოუცხადებლობა,”-ამის შესახებ განმარტება ქუთაისის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსმა, მაია სვინტრაძემ გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ რაიმე ტიპის ღონისძიება ვერ გატარდება, რადგან საკრებულოს დეპუტატის საქმიანობა მხოლოდ სხდომაზე დასწრებით არ შემოიფარგლება. როგორც სვინტრაძე აცხადებს, ბოიკოტის რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატი წყვეტს საქმიანობას და ის არ ხვდება ამომრჩევლებს ან ატარებს სხვა ტიპის აქტივობებს. 

“როდესაც პოლიტიკური დაჯგუფება, თუ პერსონალური დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში არ ცხადდება სხდომებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ეწევა საკრებულოს წევრისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მხოლოდ სხდომაზე დასწრება არ შემოფარგლავს მათს, როგორც საკრებულოს წევრების საქმიანობას. შესაძლოა, ისინი ხვდებიან ამომრჩეველს, განიხილავენ ბიუჯეტს კაბინეტებში და აშ. ბოიკოტი საკრებულოს დეპუტატების სხდომაზე არ დასწრების არასაპატიო მიზეზად არ განიხილება,”-განაცხადა მაია სვინტრაძემ.

საკრებულოს წევრები, რომლებიც არ დადიან სხდომაზე და აქვთ არასაპატიო მიზეზი, მათ მიმართ კანონი გარკვეულ ზომებს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, 6 თვეზე მეტი ხნით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება წყდება.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ. 

მარეხი ნიჟარაძის ინიციატივას სხდომაზევე მხარი ნანა კოსტავამ დაუჭირა. ნანა კოსტავას განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს მონაწილეობა არც 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიუღიათ. მისივე თქმით, დეპუტატებს გაფრთხილება ან შენიშვნა უნდა მიეცეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *