“ოცნების” უმრავლესობა არაგულწრფელია, როდესაც ამბობს, რომ მათ სურვილი აქვთ, ოპოზიცია

საკრებულოზე მივიდეს,”-ამის შესახებ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, მერაბ მეშველიანმა განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ ქუთაისის საკრებულოს სხდომები პარტიულ ყრილობას დაამსგავსა. 

მერაბ მეშველიანი განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის უფლება კანონითაა განსაზღვრული და ოპოზიცია ამ უფლებას იყენებს. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მეშველიანის განმარტებით, ისინი გადაწყვეტილების მიზეზებს მხარს უჭერენ.

“ამომრჩეველი, რომლებმაც მოგვცა საშუალება, რომ საკრებულოზე ვიყოთ წარმოდგენილი, სრულიად ხვდება იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებაში მხარს გვიჭერენ. მე ხაზს გავუსვამდი იმ საჭიროებებზე, რომლებითაც “ოცნების” წარმომადგენლები სარგებლობენ და ზოგ შემთხვევაში გადამეტებულად ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება, როდესაც პარტიულ აქტივისტებს ასაქმებენ. თანხა, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, მიმართულია ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და ურთიერთობისათვის. ეს არ არის ის თანხა, რომელზეც შეიძლება აპელირება მოხდეს. აპელირება უნდა მოხდეს იმ თანხებზე, რომელსაც “ოცნება” მისი პარტიული აქტივის შესანახად ხარჯავს,”-ამბობს მერაბ მეშველიანი.

მეშველიანის განმარტებით, საკრებულოს სხდომებზე დაბრუნება პოლიტიკური საკითხია და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *