ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მოწოდება, რომ ოპოზიციონერმა

დეპუტატებმა ხელფასზე, სატელეფონო ხარჯებსა და საწვავზე უარი თქვან, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანიასთვის მიუღებელია. შუშანია აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატის საქმიანობა მხოლოდ სხდომაზე დასწრებით არ შემოიფარგლება და “ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩეველთან და მედიასთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

“საკრებულო ნოტარიულ ბიუროდ ჩამოყალიბდა, სადაც რაიმე საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები დადიან კვერცხებითა და საღებავებით ოპოზიციების ოფისებთან. რაში შევეჯიბრო მათ სხდომაზე? აქ არის არაჯანსაღი სიტუაცია. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, აქტიურად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ასევე, მედიასთან გვაქვს აქტიური და ხშირი კომუნიკაცია. ვსაუბრობთ პრობლემებსა და კორუფციაზე. ესაა საკრებულოს წევრის ფუნქცია და არა სხდომაზე ყოფნა და სურათების გადაღება. უფრო უკეთესია, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა საკუთარი შემოსავლებით ის ისტორიული ძეგლები აღადგინონ, რომლებიც კვერცხებითა და საღებავებით ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმისას დააზიანეს,”-ამბობს გიგა შუშანია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, საკრებულოს სხდომებზე დაბრუნებას აზრი არ აქვს მანამ, სანამ საკრებულო საკითხების განხილვას არ დაიწყებს და თვითმმართველობა მის ფუნქციებს არ შეასრულებს. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *