ქუთაისის მერია, შესაძლოა, მთავრობის სახლისა და აუდიტის სამსახურის შენობებში გადავიდეს.

ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვიცე-მერის განმარტებით, რადგან ამჟამინდელ შენობაში საკრებულო და გუბერნიაც მდებარეობს, სრულად განსათავსებლად, შესაძლოა, ორივე შენობის გამოყენება გახდეს საჭირო. ნინო თვალთვაძე ვარაუდობს, რომ საკითხი ზაფხულამდე გადაწყდება.

“ჩვენი შენობის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დგას. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მალევე იქნება მიღებული. მთავრობის სახლისა და აუდიტის სამსახურის შენობა ერთობლივად განიხილება. ამჟამად, მერიის შენობაში განთავსებულია არა მხოლოდ მერიის, არამედ საკრებულოსა და გუბერნიის აპარატი. შესაბამისად, იმისთვის, რომ სრულად განვთავსდეთ, სავარაუდოდ, ორივე შენობაში გადასვლა განიხილება,”-განაცხადა ნინო თვალთვაძე.

ვიცე-მერის განმარტებით, მთავრობის სახლისა და აუდიტის სამსახურის შენობები ტიპიურად ადმინისტრაციულ შენობებადაა დაპროექტებული და ამ კუთხით მათი ფუნქციური დატვირთვა უფრო მიზანშეწონილია.

“ეს საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. არა მხოლოდ ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში, არამედ თითქმის ყოველთვის. ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ უმჯობესია, მერიის შენობაში იყოს განთავსებული სხვა ტიპის ობიექტი. საკითხი აქტუალური განსაკუთებით მას შემდეგ გახდა, რაც ის შენობები, რომლებიც ახალია და ტიპიურად ადმინისტრაციული შენობებია, დარჩა ფუნქციის გარეშე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილობა რომ მერია იქ მდებარეობდეს და ეს შენობები არ გაცდეს, უფრო მაღალია ვიდრე იქ, სადაც დღეს არის,”-ამბობს ნინო თვალთვაძე.

ქუთაისის ვიცე-მერისათვის უცნობია, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რა იქნება ამჟამინდელი შენობის ფუნქციური დატვირთვა. ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, შენობის პრივატიზება მოხდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *