,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია კორონავირუსის

პრევენციასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ანტისანიტარიის ბუდეა. რეკომენდაციების მიხედვით, კი მძღოლებმა და კომპანიებმა დეზინფექცია თავად უნდა ჩაატარონ. საკრებულოს დეპუტატი სადეზინფექციო სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფას სარეზერვო ფონდიდან ითხოვს. 

,,მთავარი ის არის, რომ ანტისანიტარიის ბუდე არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მხოლოდ სიტყვიერად გააკეთეს რეკომენდაცია, რომ ძღოლებმა და გადამზიდავებმა თავად უნდა უზრუნველყონ დეზინფექციის ჩატარება. ამას მძღოლები და გადამზიდავები თვითონ ვერ გააკეთებენ. სარეზერვო ფონდი არის ამისთვის და თვითონ გამოყონ თანხა და თვითონ უზრუნველყონ კონტროლი.” – განაცხადა გიგა შუშანიამ. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დეზინფექცია იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც ჩაუტარდეს, რომლებსაც მგზავრები ქუთაისის აეროპორტიდან გადაჰყავთ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სარეკომენდაციო შეხვედრები ეწყობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გამო, რომ ქალაქში ჯერ არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კერძო სატრანსპორტო კომპანიებს შეხვდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *