ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

ქუთაისის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერს გუნდის სახელით გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ უახლოესი პერიოდისათვის დაგეგმილი პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდება.

“ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს უფრო და უფრო მეტი კარგი საქმეების კეთების საშუალებას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი უახლოესი პერიოდისთვის, რომელთაგან გამოვყოფდი რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ოლიმპიური აუზის მშენებლობას, გაგრძელდება საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ქალაქს შეემატება ახალი სარეკრეაციო ზონები. ყოველწლიურად იზრდება ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა. 2021 წელს კი ჩვენი ქალაქი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი ჭიღვარიას გუნდის სახელით ქალაქისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეებისთვის, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროექტები და ამ რთულ პერიოდშიც ღირსეულად გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს,”-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

8 აპრილს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წავიდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *