“ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი”-ქუთაისში კიდევ ერთი აქცია

დაიგეგმა. 20 ივნისს, 18:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე რუსულ ოკუპაციას კვლავ გააპროტესტებენ. მოეწყობა მსვლელობა ცენტრალური მოედნიდან 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალამდე.

“20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა. ქუთაისში, როგორც გასულ ზაფხულს, კვლავაც უცვლელი ადგილიდან (ცენტრალურ მოედანზე) გავაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ რუსეთის დუმის დეპუტატისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დათმობას, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ის რუსეთის ინტერესების გამტარებელია ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ “ქართული ოცნების” უღირსს და არასახელმწიფოებრივ ქმედებას, დაუპირისპირდნენ რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და სპეც დანიშნულების რაზმით, რომლის დროსაც ასობით ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. სწორედ ამიტომ, 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე, კვლავაც გავაპროტესტებთ “ქართული ოცნების” უღირს საქციელსა და რუსულ ოკუპაციას,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს მოხდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო “რედისონთან” დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. 

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *