ქუთაისის მერიაში არქიტექურის ააიპი უქმდება და მის ნაცვლად სსიპ “ქუთაისის

არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო” ჩამოყალიბდება. როგორც მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, არქიტექტურის სსიპ-ს საშუალება ექნება ფასიანი მომსახურება შესთავაზოს მოქალაქეებს, რითაც საკუთარი შემოსავალი ექნება და ბიუჯეტში გარკვეული თანხებიც დაიზოგება. ირაკლი გიორგაძე ვერ აკონკრეტებს, რამდენი თანამშრომლით დაკომპლექტება სსიპი და გააგრძელებენ თუ არა იქ მუშაობას ამჟამად არქიტექტურის ააიპში დასაქმებულები. მისივე განმარტებით, შტატების შევსებაზე პასუხისმგებლობას სსიპის მომავალი ხელმძღვანელი აიღებს.

“ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, რომ შეექმნათ საჯარო სამართლის იურიდიული პირები გარკვეული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. მათ შორის ერთ-ერთი მშენებლობის ნებართვის გაცემაა. სსიპების უფლებები გაცილებით მაღალია, ვიდრე კერძო სამართლის იურიდიული პირების. ​ააიპის არ ჰქონდა უფლება, ეწარმოებინა დაჩქარებული წარმოება, მოეთხოვა დაჩქარებული წარმოებისათვის საფასური, სხვა დაჩქარებული ფასიანი სერვისები შეეთავაზებინა მოქალაქეებისათვის და ამით საფასური მიეღოთ. ​სსიპს საშუალება ექნება, საკუთარი თავი შეინახოს და ადგილობრივ ბიუჯეტს გარკვეული თანხების დაზოგვა შეეძლება,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ. 

არქიტექტურის ააიპამდე მერიაში არქიტექტურის სამსახური ფუნქციონირებდა, რომელიც 2019 წელს გაუქმდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *