,,სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში წერია. 

,,ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო “მოძრაობა მომავლისთვის – მომო”-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.” – წერია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, მარტი-ივნისის თვეებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს პარლამენტის ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატის მიერ, სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიების ფარგლებში მოსახლეობისთვის სასურსათო ან/და სამედიცინოპაკეტების გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 252 მუხლით აკრძალული ქმედების – ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

კვლევაში წერია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრები არიან და მათ ნაწილს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, საჯაროდ აქვს გაცხადებული.

,,ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები ასევე გამოვლინდა ოპოზიციური პარტიის “ლელო საქართველოსთვის” და მასთან აფილირებული ორგანიზაციის “მოძრაობა მომავლისთვის – მომოს” საქმიანობაშიც, რომელმაც სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო გორსა და თელავში მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაუწია.”- წერია ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში განცხორციელებულ საქველმოქმედო აქციებში, კერძოდ, დახმარების მოსახლეობისთვის გადაცემის/განაწილების პროცესში, ჩართული იყვნენ პოლიტიკური პარტიების, უმთავრესად, მმართველი ძალის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. აქტივისტების მონაწილეობა დაფიქსირდა: ხობის, ონის, ისნის, საჩხერის, ზესტაფონის, ბორჯომის, სიღნაღის, გორის, ახალციხის, ქარელის, მარნეულის, მცხეთის, ვანის, დუშეთის, ხაშურის თვითმმართველ ერთეულებში, თუმცა, ღია აგიტაცია არ შეიმჩნეოდა.

ორგანიზაცია რეკოემენდაციებსაც აქვეყნებს: 

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს –  ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში; პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;  პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან; ქველმოქმედების განხორციელებისას, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;  პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიური ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან. ასევე, არ უნდა დაუშვან თავისი მხარდამჭერების მიერ სხვა პარტიების შეხვედრებისა და კამპანიური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს –  სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და მოსახლეობას არ შეუქმნან განცდა, რომ გაცემული დახმარების უკან მმართველი პარტია დგას.

საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარული აქციების ორგანიზატორებს –  საქველმოქმედო აქციების ჩატარებისას არ დაარღვიონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვები და არ გამართონ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად; არ გამოიყენონ საქველმოქმედო აქცია რომელიმე პარტიის ან/და კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *