ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები” ააიპ “სპეციალური სერვისების”

განცხადებას, რომ მწვანეყვავილას ტერიტორიაზე ურნის დადგმა გზის სივიწროვის გამო ვერ ხერხდება, სიცრუეს უწოდებენ. როგორც პარტიის ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულების ხელმძღვანელი, ინა კუხიანიძე ამბობს, გზაზე საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ ურნა დაიდგას და ააიპ,, სპეციალური სერვისების” ავტომობილმა გაასუფთავოს. ინა კუხიანიძის თქმით, სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში დასუფთავების მანქანას კვირაში მხოლოდ ერთხელ გააქვს ნარჩენები.

,, ხალხმა ერთი კვირა სახლში ნაგავი როგორ უნდა გააჩეროს? ურნის დაცლას სულ რაღაც 30 წამი სჭირდება და არალოგიკურია იმის თქმა, რომ მისი გასუფთავება მოძრაობას შეაფერხებს. ერთი საათი ვიდექით აქციაზე და მაქსიმუმ 10-მა მანქანამ ჩაიარა, აქ ისედაც არ მოძრაობს ბევრი ავტომობილი და როგორ შეფერხდება მოძრაობა? ისინი ამბობენ, რომ სამშენებლო ნარჩენების გატანა არ ევალებათ, არადა იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მეტია. მდინარე რიონის ნაპირზე ყრია ყველაფერი: მაკდონალდსის ჭიქებიდან დაწყებული ბავშვის საფენებით დამთავრებული. ამათი გატანა ხომ ევალებათ და რატომ არ გააქვთ? ახლა ამბობენ, ვაპირებდით დასუფთავებასო, ჩვენს ყველა ინიციატივაზე ამბობენ, რომ აპირებდნენ. არ ვიცოდი თუ მერიაში ნათელმხილველები მუშაობდნენ, რამდენჯერაც პრობლემაზე მივუთითეთ, იმდენჯერ გითხრეს, რომ მისი მოგვარება ჩაფიქრებული ჰქონდათ,” – ამბობს ინა კუხიანიძე.

4 სექტემბერს ახალგაზრდა ლეიბორისტებმა მწვანეყვავილას ქუჩაზე, მდინარე რიონის ნაპირზე არსებული ანტისანიტარია გააპროტესტეს და მიზეზად სანაგვე ურნის არარსებობა დაასახელეს. ლეიბორისტებს ააიპ
“სპეციალურ სერვისებში” უპასუხეს და აღნიშნეს, რომ გზა ზედმეტად ვიწროა ურნის დასადგმელად.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *